„მიღებულია რისკიანი, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია  საქართველოს მთავრობის მიერ 5 დღიანი კარანტინის მოხსნის გადაწყვეტილებას ეხმიანება:

„აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ უმაღლესი საბჭოს ამა წლის 25 მარტის წერილობითი მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებისადმი მთლიანად დაკმაყოფილებულია – მიღებულია რისკიანი, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ჩვენი მოქალაქეების 2021 წლის 19 აპრილიდან ხუთდღიანი კარანტინისაგან განთავისუფლების შესახებ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსულ ადამიანებს, კარანტინის ნაცვლად, ჩაუტარდებათ ანტიგენ-ტესტით ტესტირება, ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა ნებაყოფლობით ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა  ამასთან დაკავშირებით, მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს. ჯემალ გამახარია მიმართავს აგრეთვე ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და თხოვს მათ მაქსიმალურად დაიცვან კორონავირუსული პანდემიის დამარცხების მიზნით სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და აუცილებლად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. „მხოლოდ ამ გზით ავიცილებთ თავიდან საშინელი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხეს, მხოლოდ ამ გზით დაბრუნდება ცხოვრების ნორმალური რითმი. გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო, ხუთდღიანი კარანტინისაგან  განთავისუფლებას და გისურვებთ ჯანმრთელობას“-, მიმართავს ჯემალ გამახარია თანამოქალაქეებს,“ – წერს გამახარია.

მსგავსი თემები