​ღია სამშენებლო ბაზრობა და გაზონების სიმცირე – თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო 

  •  

თბილისში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ყველაზე პრობლემატური ადგილია წერეთლის გამზირი, რასაც სპეციალისტები სამშენებლო ბაზრობის არსებობით ხსნიან. მტვრის მსხვილი ნაწილაკები PM 10 ჰაერში ძირითადად სამშენებლო სექტორიდან ხვდება, კერძოდ, ე.წ ელიავას ბაზრობაზე ღია წესით მიმდინარეობს სამშენებლო მასალების გაყიდვა, დაჭრა და დამუშავება.

დედაქალაქში, ასევე, პრობლემურია ღია გრუნტი, საიდანაც ქარის დროს მარტივად ვრცელდება მტვრის ნაწილაკები.

“ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროა ღია გრუნტიც. გაზონები თითქმის არ არის ქალაქში, მიწა არის ღია და ქარის დროს ძალიან მარტივად ხდება ამტვერება. თბილისი მთაგორიანია და ყოველი წვიმის შემდეგ ჩამოედინება მიწის ჩამონარეცხი, რომელიც გროვდება ქუჩებზე და გაშრობის შემდეგ მტვერდება. ამას, ემატება სამშენებლო მასალების ბაზრობა, სადაც ღია წესით იყიდება სამშენებლო მასალები. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში დიდი როლი ეკისრება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებასაც“, – განმარტავს “მთავართან” საუბრისას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი, ნოე მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ტყვიის გარდა ჰაერის უმთავრესი დამბინძურებლებია ​მტვრის უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები, PM 10 და PM 2/5, აზოტის ჟანგეულები, გოგირდის ორჟანგი, მიწისპირა ოზონი და ნახშირჟანგი. პრობლემურია მყარი ნაწილაკები, განსაკუთრებით PM 10 და აზოტის ორჟანგი. სხვა დამბინძურებლები თბილისში, ნორმის ფარგლებშია.

ნოე მეგრელიშვილის განმარტებით, გოგირდი ჰაერში ავტომობილის გამონაბოლქვიდან გამოიყოფა, თუმცა, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და 2012 წლიდან, საქართველოში შემოსულ საწვავში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ არის შემცირებული, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში. პრობლემად რჩება დიზელი, თუმცა, პირველი ოქტომბრიდან აქაც ამოქმედდება გარკვეული სტანდარტები და ქვეყანაში “ევრო-4” სტანდარტის, ანუ გოგირდის მცირე შემცველობის დიზელი შემოვა.

აღსანიშნავია, რომ მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების  წლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში, ძირითადად წერეთლის გამზირზე ფიქსირდება. ბოლო კვლევების მიხედვით, ნორმის გადაჭარბება 200 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა. თუმცა, დღიური ნორმის გადაჭარბება  ფიქსირდება ყაზბეგის გამზირზე და ვარკეთილშიც. მყარი ნაწილაკების დღიური ნორმა არის 50 მიკროგრანი/მეტრკუბში.

 

მსგავსი თემები