ტყვიის გავრცელების წყარო შესაძლოა, სასმელი წყალის მილები იყოს – ნოე მეგრელიშვილი

თბილისის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა, ევროპულ ნორმაზე 30-35-ჯერ დაბალია, თუმცა, არსებობს ტყვიის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის სხვა გზები, მათ შორის, წყალგაყვანილობის სისტემა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა საქართველოში ნორმის ფარგლებშია. 2017 წლის მონაცემებით, 30-ჯერ მცირეა ის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამ სამ ქალაქთან შედარებით ცოტა მაღალი მაჩვენებელია რუსთავში, სადაც არის სამრეწველო ზონა – მეტალურგიისა და ცემენტის წარმოება მიმდინარეობს და ჰაერში ტყვიის გაფრქვევის მაღალი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, იქაც ნორმაზე ძალიან მცირეა.

“ქვეყანაში პირველი აგვისტოდან ამოქმედდა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის ევროპის მიერ დადგენილ უსაფრთხო ნორმა და საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 8-დან 50-ჯერ ნაკლები იყო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა”, – აცხადებს ნოე მეგრელიშვილი .

მისივე თქმით, ტყვიის გავრცელების წყარო, ასევე, შესაძლოა იყოს სასმელი წყალი. კერძოდ, წყალგაყვანილობის როგორც მოძველებური, ისე ახალი მილები, რომლებიც შეიცავს ტყვიას.

​”არ აქვს მნიშვნელობა წყლის მილები მოძველებულია თუ ახალი, თუ ლითონში ტყვიის შემცველობა არის მაღალი რაოდენობით, წყალი შეიძლება იყოს მოწამვლის ერთ-ერთი წყარო. საუკუნეების წინ, წყლის სისტემების მოსაწყობად ტყვიის მილები გამოიყენებოდა. ვიცით, რომ რომის იმპერიის ნგრევას ამ ფაქტსაც კი უკავშირებენ. ასევე, მოსკოვის წყალგაყვანილობამ სერიოზული პრობლემები გამოიწვია. დღეს რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, თუმცა ალბათობა იმისა, რომ წყლის მილები შეიცავდეს ტყვიას, მაინც არსებობს”, – აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

მისივე განმარტებით, ტყვიის ავტომატური მონიტორინგი არ არსებობს მსოფლიოში, მისი გაზომვა ხდება მტვერში. ფილტრიდან, რომელზეც მტვრის გარკვეული რაოდენობა გროვდება, იღებენ სინჯს, რომელიც იგზავნება ლაბორატორიაში, მუშავდება და დგინდება სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერებების კონცენტრაცია ჰაერში.

​თბილისში
, უბნების მიხედვით განთავსებულია ავტომატური სადგურები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან ატმოსფერული ჰაერის სხვადასხვა დამბინძურებლებს. საკუთრივ ტყვიის მონიტორინგი ტარდება ერთ წერტილში, ვაშლიჯვრის მეტეოსადგურში.

მსგავსი თემები