„ერთ მხარეს თავისუფლება, მეორე მხარეს მონობა, დამცირება და გავრილოვის განაჩენი, ბრძოლა ბოლომდე“ – ნიკანორ მელია

საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, ნიკანორ მელიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მონობას, უსამართლობასა და ჩაგვრას არ შეეგუება და ბოლომდე იბრძოლებს.

„გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა.

ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ, განაჩენი გამოუტანა ყველას. ვფიქრობ, არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ პარლამენტმა განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ქუჩაში გამოვიდა, თქვენც, თქვენს მშობლებსაც. ვინც ხმა აიმაღლა, გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა. გამოუტანეს ყველას, ვინც იყო იმ კონკრეტულ დღეს მოძალადეების მსხვერპლი, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, თბილისის მასშტაბით, დევნა განახორციელეს, ვისაც თვალები დათხარეს, ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს. ვისაც ეს განცდა დაეუფლა, ყველანი განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა ავედით და მივედით რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი ვიყავი მე, იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი ამ გრძნობით, რომელმაც მიიჩნია, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს“ – განაცხადა ნიკანორ მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე.   

მისივე თქმით, გავრილოვის განაჩენი მისი მხრიდან არ შესრულდება, ის არ დამონდება.

„მთელ საქართველოს მინდა ვუთხრა, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას. ეს არის ძალიან დიდი დამცირება, არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს. ერთ მხარესაა ეროვნული ქართული მოძრაობა და მეორე მხარეს არის ოკუპანტი; ერთ მხარეს არის თავისუფლება და მეორე მხარეს – მონობა; ერთ მხარეს არის ამ ქვეყნის და ხალხის ნათელი მომავალი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბნელეთი“  – განაცხადა ნიკანორ მელამ, მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ.    

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, 88 ხმით, ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი შეუწყვიტა

მსგავსი თემები