„შეასრულეს ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანებები“ – პროკურორი მელაშვილ-ილიჩოვაზე  

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით,  ზემდგომი პირების ბრძანებები შეასრულეს. ამირან გულუაშვილის განმარტებით, სწორედ ეს იყო მათი ინტერესი.  

“კარტოგრაფიული მიმართულება, მიუხედავად იმისა, ივერი მელაშვილი არ არის კარტოგრაფი, ის არის მიწათამზომველი განათლებით და ამაში ძალიან დიდი სხვაობაა. უფრო მეტიც, არც ერთი ბრალდებული არ ეწევა მეცნიერულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ მეცნიერებად მოიხსენიებს. ამ ყველაფერის მიუხედავად, ისინი იყვნენ ექსპერტების ფორმით ჩართულები კომისიაში, უფრო მეტიც, ისინი ურთიერთობდნენ მეორე მხარესთან, განსაკუთრებით ივერი მელაშვილი და თავად რუკების შედგენა, კარტოგრაფიული სამუშაო, ფაქტობრივად, სრულად იყო მინდობილი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასადმი.

ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, რომ კომისიის საქმიანობის პირობებში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მოხდა მნიშვნელოვანი ტერიტორიის შეთანხმება, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმიანობის კარტოგრაფიული კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხორციელდებოდა. ეს აადვილებდა მათი მხრიდან ზემდგომი თანამდებობის პირების უკანონო ბრძანებების შესრულებას. მათი დანაშაული გამოიხატა იმაში, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მათ შეასრულეს ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანებები… ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის, რომელიც ისტორიულად და კარტოგრაფიული დოკუმენტალური მტკიცებულებით, რეალურად არის საქართველოს ტერიტორია, ფაქტობრივად, მიკუთვნებულია კომისიების საქმიანობის დონეზე აზერბაიჯანული მხარისთვის,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მსგავსი თემები