“სექტემბერში ხორბალი 200 დოლარად შემოგვქონდა, დღეს 300 დოლარად შემოგვაქვს” – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

  •  

სექტემბერში ხორბალი 200 დოლარად შემოგვქონდა, დღეს 300 დოლარად შემოგვაქვს, დღეს რომ სუბსიდირების პროგრამა არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, ფქვილის გაძვირება პურის ფასზე აისახებოდა.

„მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების მხრივ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო და ახლაც დაძაბულია. სულ რაღაც 15 დღეში რუსეთი, კვოტირების ფარგლებში, 25 ევროს გადასახადს აამუშავებს და პირველი მარტიდან ეს იქნება 50 ევრო. ჩვენ გარკვეული რაოდენობა შემოტანილი გვაქვს, თუმცა დღესაც დაძაბული მუშაობა მიმდინარეობს, რომ ამ საბაჟო ტარიფებმა არ იმოქმედოს. თუ სექტემბრის თვეში ხორბალი 200 დოლარად შემოგვქონდა, დღეს 300 დოლარად შემოგვაქვს, ანუ 50 პროცენტით გაძვირდა. შესაბამისად, ეს გაძვირება ფქვილზე გადავიდა და შემდეგ უნდა გადასულიყო პურში. დღეს რომ სუბსიდირების პროგრამა არ მუშაობდეს, რომელიც პირველ დეკემბერს დაიწყო და პირველ აპრილამდე გრძელდება, დღევანდელი პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა“, – განაცხადა სილაგავამ “მედიაცენტრ მთავარში.”

მისივე განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიზანიც არის პურზე ძველი ფასის შენარჩუნება, ორი ტენდერით ხორციელდება. სილაგავას ინფორმაციით, პირველი ტენდერის გამოცხადებისას, პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო 10-ლარიანი სუბსიდირება, ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში საჭიროა 15-ლარიანი სუბსიდირება.

„პროგრამა, რომლის მიზანია პურზე ფასების შენარჩუნება, მუშაობს ორი ტენდერის მეშვეობით, ანუ პირველი დეკემბრიდან პირველ თებერვლამდე და პირველი თებერვლიდან პირველ აპრილამდე. პირველი ტენდერი როდესაც გამოცხადდა, მაშინ ბაზარზე ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი იყო 63 ლარი. „პურის მწარმოებელთა ასოციაციის“ და მეპურეების გათვლებით, პური რომ არ გაძვირებულიყო, წისქვილკომბინატებიდან პირველი ხარისხის ფქვილის მიწოდება 53 ლარად უნდა მომხდარიყო. მაშინდელ საბაზრო ფასს 63 ლარს გამოაკლდა 53 ლარი, რომლის რეკომენდაციაც იყო და სახელმწიფომ 10-ლარიანი სუბსიდირება გამოყო. ეს საკმარისია, რომ დღესდღეობით მიმდინარე პროგრამის პირველი ორი თვის ფარგლებში პურის ფასი შენარჩუნებულიყო.

დღეს ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის საბაზრო ფასი 68 ლარია. შესაბამისად, იმისთვის, რომ კომპენსირების სახით 53 ლარზე ჩამოვიდეს წისქვილკომბინატის მიწოდების ფასი, საჭიროა უკვე არა 10, არამედ 15 ლარის სუბსიდირება. ჩვენ მივაწოდეთ რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მათ მთავრობას და სუბსიდირების ფასი გაიზარდა 15 ლარამდე. ტენდერი გუშინ, 14:00 საათზე გაიხსნა. ესაა ინტერესთა გამოხატვა, თავის პარამეტრით, ნებისმიერ წისქვილკომბინატს, ტენდერში მოთხოვნილი პარამეტრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, ტენდერში შევიდეს. ტენდერის პირობები ხვალ, 14:00 საათზე იხურება. ტენდერის პირობების შესაბამისად, ვინც ნაკლებ სუბსიდირებას მოითხოვს, ის იქნება პირველი რიგის გამარჯვებული. ამ ტენდერის მიზანიც, ისევე როგორც პირველის, არის ის რომ პურის ფასი არ გაიზარდოს“, – განაცხადა ლევან  სილაგავამ “მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები