“ფრაქციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და წონა უნდა დარჩეს” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც რეგლამენტის პროექტის პირვანდელი ვარიანტშია ასახული, მხარს არ უჭერს.

თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხაზგასმით განაცხადა, რომ პროექტის პირვანდელი ვარიანტი საკმარისი და ოპტიმალურია.

“თავდაპირველი ვერსია იმას ემსახურება, რომ ოპოზიციას, რამდენადაც ის დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი, ჰქონდეს შესაძლებლობა, საპარლამენტო საქმიანობაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისია, რათა გარკვეული დისბალანსი გავასწოროთ. ფრაქციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და წონა უნდა დარჩეს. დღევანდელი მოცემულობით ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დისკუსიას ჩარჩოში ვაქცევ. თუკი პარლამენტი ჩათვლის, რომ მეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, შეგვიძლია განვიხილოთ”, – განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

თალაკვაძემ აქვე აღნიშნა, რომ წინ არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, არსებობს პოზიტიური მოლოდინი და როცა პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა გაიზრდება, შესაძლებელი იქნება საკითხს დაუბრუნდნენ.

“ამ მომენტში ინიცირებული პროექტი ოპტიმალური სახით არის წარმოდგენილი”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატების მიერ ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენა, ასევე საპარლამენტო დებატებში, ინტერპელაციაში, პირველ და მეორე მოსმენაში მათი 15-წუთიანი გამოსვლებით მონაწილეობა.

პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უფრაქციო დეპუტატებისთვის საპარლამენტო პრივილეგიების კიდევ უფრო გაფართოების ინიციატივით გამოვიდა. სწორედ ამის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვისას შეთანხმდნენ, რომ უფრაქციო საპარლამენტო ჯგუფს ასევე შეეძლება ჰყავდეს ერთი ხელმძღვანელი და ჰქონდეს თავისი შიდა დებულება.

მსგავსი თემები