“ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვიყენებთ მოდელს, რომელიც ძალიან ახლოსაა შვედურ მოდელთან” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

“ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვიყენებთ მოდელს, რომელიც ძალიან ახლოსაა შვედურ მოდელთან” – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძეს თქმითვე, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებას ორი არჩევანი აქვს, დაიცვას მინიმალური რეგულაციები ან უარი თქვას მათ შესრულებაზე და ამით მოახდინოს პროვოცირება, სახელმწიფო წავიდეს „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე.

„მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რეკორდული რიცხვი ფიქსირდება, მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოშიც. მთელმა მსოფლიომ დაიწყო ფიქრი ხელმეორე კარანტინზე, ჩაკეტვებზე. ისრაელმა ეს უკვე განახორციელა, ევროპის წამყვანი ქვეყნები და ამერიკა ფიქრობენ ამაზე და სანახევროდ ახორციელებენ. ჯერჯერობით საქართველო ყველაზე რბილია ამ მიმართულებით. არსებობს ორი გზა მომავლისთვის: ერთი – ქვეყანა უნდა დაუბრნდეს მკაცრ ზომებს, „ლოქდაუნს“, მთლიანს ან ნაწილობრივს, და ასეთ შემთხვევაში შედარებით სწრაფად მოხერხდება მდგომარეობის სტაბილიზება და შემთხვევების შემცირება ან მეორე – უნდა გავაგრძელოთ ასე, ანუ მინიმალური რეგულაციები. ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვიყენებთ მოდელს, რომელიც ძალიან ახლოსაა შვედურ მოდელთან. ახლა მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს, რა ურჩევნია. ფაქტობრივად, ამ მინიმალური რეგულაციების შესრულებას არაფერი უნდა. ეს ჩვენი ცხოვრების ხარისხს სერიოზულად არ ცვლის.

საზოგადოებას აქვს ასევე, მეორე არჩევანი, რომ უარი თქვას ამ მინიმალურ რეგულაციებზე, რაც არ იქნება გონივრული და ამით მოახდინოს პროვოცირება, რომ სახელმწიფო იძულებული გახდეს, წავიდეს „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე. აი, ამ გზაჯვარედინზე ვდგავართ ახლა. ჩემი რჩევაა მოსახლეობისადმი, რომ აირჩიოს პირველი გზა, მინიმალური რეგულაციების კეთილსინდისიერად შესრულებით, თავიდან ავიცილოთ უფრო მკაცრი შეზღუდვები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, საკოორდინაციო საბჭო ფიქრობს თუ არა მკაცრი შეზღუდვების დაწესებასა და ქვეყნის კვლავ ჩაკეტვაზე, ცერცვაძემ უპასუხა, რომ ამ სიტუაციაში ჩაკეტვაზე არ ფიქრობენ, თუმცა ეს საზოგადოების ქცევაზეა დამოკიდებული.

„მსჯელობა არის, მაგრამ არ ფიქრობენ. ამ სიტუაციაში, მართვის ამ დონეზე ჩაკეტვებზე არ ფიქრობენ. საზოგადოების ქცევას ველოდებით. ბევრს არაფერს ვითხოვთ საზოგადოებისგან. ამ მინიმალურ რეგულაციებს მეტ-ნაკლებად კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაზაფხულსა და ზაფხულში და შედეგიც გვქონდა. შემდეგ თვითდამშვიდებას მივეცით, ამ მინიმალურ შეზღუდვებზეც კი უარი ვთქვით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები