მიკროავტობუსებში გასაშლელი სკამები და მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალოს – პეტიცია ქალაქის მერიას  

ქალაქ რუსთავის მცხოვრებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით უკმაყოფილონი არიან და ქალაქის მერიას მთელ რიგ მოთხოვნებს უყენებენ. მათ შორის, მოითხოვენ მიკროავტობუსებში მოხსნან გასაშლელი სკამები, აიკრძალოს მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა და ყველაზე მოთხოვნად მარშრუტებზე დამატებითი მიკროავტობუსები დაინიშნოს. ასევე, რუსთავი – თბილისის მარშრუტზე აიკრძალოს იმ სამარშრუტო ტაქსების მუშაობა, რომლებიც არ არიან აღჭურვილი კონდიცირების სისტემით.

რუსთავის მცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან მიკროავტობუსების მძღოლების მომსახურებითაც და აცხადებენ, რომ შპს “ინტერ ტრანსის” მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრები ყოველდღიურად უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს აწყდებიან. მძღოლები მგზავრებს, ძალიან ხშირად უხეშად და უზრდელად მიმართავენ.

​მოქალაქეები მოითხოვენ აღიკვეთოს მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო მოძრაობის სხვა წესების უხეში დარღვევის შემთხვევები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს. ​მათივე თქმით, გაუმართავი სამარშრუტო ტაქსების გამო, ბოლო ხანებში გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები და რამდენიმე მათგანი ფატალური შედეგითაც დასრულდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოქვეყნდა პეტიცია  ქალაქის მერ ირაკლი ტაბაღუას, შპს “ინტერ ტრანსის” დამფუძნებელ ზაზა ლომიძის და დირექტორის მოადგილე თენგიზ სანიკიძის სახელზე.

​როგორც
 პეტიციაშია აღნიშნულია, შპს “ინტერ ტრანსის” მიმართ რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად, მათი მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი იმ არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის ასატანად, რასაც მგზავრები ყოველდღიურად აწყდებიან ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას!

“შეკეთდეს და სათანადოდ მოეწყოს ყველა მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება იმ ნორმების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო და მართებულ გადაყვანას; მიკროავტობუსებიდან ამოიღონ გასაშლელი სკამები, რადგან შეუძლებელია მგზავრის ნორმალურად მოთავსება, არის სრულიად უკანონოდ დამონტაჟებული, სიცოცხლისთვის საშიშია და არ შეესაბამება სტანდარტებს; ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს მკაცრად დაევალოს სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების გავლა და საბუთი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრან, წინააღმდეგ შემთხვევაში აეკრძალოს მგზავრების გადაყვანა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე”, – აცხადებენ უკმაყოფილო მოქალაქეები.

მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პეტიციის ავტორები გეგმავენ შპს “ინტერ ტრანსის” ხელმძღვანელობისთვის არაკომფორტული გარემოს შექმნას, როგორიც მათ ექმნებათ ამ კომპანიის კუთვნილი  სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას.

მსგავსი თემები