სოციალურად შეჭირვებული ბავშვების დასახმარებლად დავით სარალიძის სახელობის ფონდი შეიქმნა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი – “დათუჩა” შეიქმნა.  ფონდის დამფუძნებელია დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. დავით სარალიძე დღეს 17 წლის გახდებოდა.

​​როგორც ზაზა სარალიძემ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფონდ თსვად უხელმძღვანელებს მანამდე, სანამ მისი ქალიშვილი, მარიამ სარალიძე სრულწლოვანი არ გახდება. ამის შემდეგ კი ფონდის საქმიანობას დავით სარალიძის და წარუძღვება.

“იქიდან გამომდინარე, რომ დათო, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მზად იყო ყოველთვის სიკეთე ეკეთებინა და დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს, შევქმენი ფონდი “დათუჩა”, რომელიც დაეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, ბავშვებს, ვისაც სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია,  არიან სოციალურად დაუცველები. სამართლიანობისთვის ბრძოლის განმავლობაში ნათლად დავინახე, რამდენი გაჭირვებული და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვი გვყავს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი შვილის სახელით გავუწიო დახმარება ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს. არის ბავშვების კატეგორია, რომლებსაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და ტანსაცმელი არ აქვთ”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

​მისივე თქმით, ფონდში შესული ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ, დავით სარალიძის დაბადების დღეს, 25 ივლისს გაიცემა. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ რომელიმე ბავშვს ფონდის სასწრაფო დახმარება დასჭირდება, გამონაკლისს დაუშვებენ.

ზაზა სარალიძის თქმით, ფონდის შემოსავალი მთიანად შემოწირულობაზე იქნება დამოკიდებული,  ის პერიოდულად გამართავს საქველმოქმედო აქციებს და მოსახლეობას შეეძლება, ბავშვებს დაეხმარონ არა მხოლოდ ფულადი თანხით, არამედ სამოსით, საკვებით, სათამაშოებითა და სხვა საშუალებებით.

მისივე თქმით, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  კონკრეტული შეხვედრები  არავისთან ჰქონია.  მათ შორის, არც სხვა შვილმკვდარ მშობლებთან.

როგორც შვილმკვრადი მამა აცხადებს, ფონდის კარი არავისთვის იქნება დახურული.

“მეც და ჩემ ძმას პატარაობიდანვე უსამართლობად მიგვაჩნდა ქვეყანაში სიღარიბის არსებობა და ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა მათი დახმარება. დათოს უყვარდა სხვების დახმარება, ვეხმარებოდით გარშემო ყველას, რითაც შეგვეძლო. მე და ჩემ ძმას მიგვაჩნდა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ბედნიერად ცხოვრებისა და სწავლის საშუალება”, – აცხადებს დავით სალარიძის და მარიამ სარალიძე.

მსგავსი თემები