ჯემალ გამახარია თანამემამულეებს წმინდა სვიმონ კანანელის დღეს ულოცავს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ულოცავს თანამემამულეებს და იქვე აღნიშნავს, რომ 2014 წლიდან ეს დღე აფხაზეთის დღედაც არის დადგენილი, რაც შემთხვევით არ მომხდარა.

ვინაიდან მთლიანად მსოფლიოში და საქართველოშიც კოვიდ 19-ის პანდემიასთან  დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო შეუძლებელია 23 მაისის ისე მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშვნა როგორც აქამდე ხდებოდა, ამ დღეს ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილთა იმ ნაწილს ხვდებიან,  რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროებენ დახმარებას და თანადგომას.

დღეს ზუგდიდში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია და აპარატის თანამშრომლები ვექტორის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან  დევნილთა 70 ოჯახს ეწვივნენ; მიულოცეს მათ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღე, ამასთან, საკუთარი დანაზოგით შეძენილი კვების პროდუქტები და საყოფაცხოვრებო საჭიროების სხვადასხვა ნივთები გადასცეს. ამ დასახლებაში უმეტესობა უკიდურესი გაჭირვების მქონე ოჯახებია: უნარშეზღუდული ადამიანები, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანები, ომის ვეტერანები, სოციალურად დაუცველები. ზუგდიდში ნაქირავებ ბინაში მცხოვრებ მარტოხელა ასაკოვან ქალბატონს დალი ყოლბაიასაც გადასცეს დღეს სასაჩუქრე ამანათი, რომელიც თავად დაუკავშირდა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დახმარებისათვის, იგივე თხოვნით მიმართა უმაღლეს საბჭოს ქუთაისელმა სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ, ასევე სოციალურად დაუცველმა ლელა გვაგვალიამ; სასაჩუქრე ამანათი დღეს მასაც გადაეცა.   ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გადასცეს ზუგდიდში სოციალურად დაუცველი სამი ობოლი ბავშვის მამას,  ბექა ძაძუასაც.

დღესვე ჯემალ გამახარია და ვახტანგ ყოლბაია ენგურის ხიდზე ქართული მხარის საგუშაგოს მიმდებარედ კოვიდ 19–თან დაკავშირებით  გახსნილ სამედიცინო პუნქტს ეწვივნენ, გაეცვნენ იქ მომუშავე მედპერსონალის ეფექტურ საქმიანობას. ექიმებმა დახმარება თხოვეს რამდენიმე საკითხის გადასაწყვეტად, რაზეც შეპირდნენ, რომ შესაბამის სამსახურებთან ოპერატიულად იმსჯელებენ, რათა დროულად გადაიჭრას ნებისმიერი მათი პრობლემა.

მსგავსი თემები