“პატივს მივაგებ ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც მიმდინარე კრიზისის ობიექტური გაშუქების მიზნით, ფრონტის ხაზზე დგანან” – დავით ზალკალიანი

30 აპრილს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი განცხადებას ავრცელებს.

“გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი პრესა და სანდო ინფორმაციის ნაკადის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დღეს არსებული უპრეცედენტო და გლობალური კრიზისის ფონზე, როდესაც საზოგადოებას, როგორც არასდროს ისე ესაჭიროება წვდომა ზუსტ, სწრაფ და გადამოწმებულ ინფორმაციასთან“ – წერს დავით ზალკალიანი განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

მისი თქმით, არსებული კრიზისის პირობებში იმპერატიული მნიშვნელობა ენიჭება მედია საშუალებების მიერ ინფორმაციის დაუბრკოლებლად მოპოვებისა და ობიექტური ინფორმაციის გამოქვეყნებას, რისთვისაც სახელმწიფოებმა მედია საშუალებისთვის უნდა უზრუნველყონ ინფორმაციასთან წვდომა, როგორც ამას “ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის შესახებ” კონვენცია ითვალისწინებს.

თავის განცხადებაში ზალკალიანი ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები კრიზისის პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვის შესახებ. 

“მე პატივს მივაგებ ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც მიმდინარე კრიზისის ობიექტური გაშუქების მიზნით დღეს ფრონტის ხაზზე დგანან და აწვდიან საზოგადოებას  ინფორმაციას” – წერს ზალკალიანი თავის განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები