“სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით დასახულ მიზნებს ძალიან კარგად ასრულებს” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით დასახულ მიზნებს ძალიან კარგად ასრულებს.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე გამოწვევა და რამდენიმე მიზანი, რომლსაც სამინისტრო ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად ძალიან კარგად ასრულებს. ეს მიზნები იყო, რომ პირველ რიგში, რაც შეიძლება გვიან დაფიქსირებულიყო საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. შემდეგი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მზად დავხვედროდით უკვე ინფექციის შემოსვლას. ამ ეტაპისთვის საკმარისად მზად ვართ იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას, არის ეს საკარანტინე ადგილები თუ ჰოსპიტალური სივრცეების რესურსი. კიდევ ერთი მიზანი იყო, რომ საზღვართან მაქსიმალურად ახლოს მომხდარიყო ინფექციის აღმოჩენა, რაც მთავრობის კოორდინირებული მუშაობით მიღწეულია. გავატარეთ და ტარდება შესაბამისი ზომები, იმისათვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გადაცემა უკვე ქვეყნის შიგნით და ამ პირობასაც ძალიან კარგად ვართმევთ თავს,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ეპიდემიის რისკი საკმაოდ დაბალია.

„იტალიაში ძალიან ბევრი ქართველი მოქალაქეა, რომელთა მიმართაც ჩვენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ისე, როგორც ქვეყნის შიგნით მყოფ ქართველ მოქალაქეებზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები