„რეალურად, 2 პოლიტიკური ძალაა, ერთი პროგრესზე ორიენტირებული, მეორე – რევოლუციებსა და ნგრევაზე“ – სიმონ ნოზაძე

“როდესაც 12 თუ 20 პოლიტიკური პარტია მიტინგს ატარებს და 6 000 კაცზე მეტი ვერ მიჰყავთ, ეს მიუთითებს მათ რეიტინგზე. ხოლო, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” მიტინგი ჩაატარა და 150 000 კაცი მოვიდა, ეს გარკვეულ ტენდენციაზე მეტყველებს”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შეფასებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ NDI-მ კვლევა დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 56%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, არჩევანს რომელი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს. ასევე, კვლევაში საუბარია, რომ გამოკითხულთა 53%  თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება.   

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გადაუწყვეტელი მოსახლეობის ხმები სწორედ „ქართული ოცნებისკენ“ გადაიხრება.

„დარწმუნებული ვარ, ის  56%  სწორედ “ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს. როდესაც ამომრჩეველი საარჩევნო „კაბინაში“ შედის სხვა მექანიზმები ირთვება. ყველას უნდა, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ. გვინდა თუ არა, დღეს მხოლოდ ორი წამყვანი პოლიტიკური ძალა ფიგურირებს და ლიდერიც მხოლოდ ორი გვყავს. ერთი ორიენტირებულია პროგრესზე, სიკეთეზე, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და მეორე ესაა – რევოლუციებზე ორიენტირებული, ნგრევის, ტერორის სპეციალისტი, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით, ეს არის რეალობა და დღევანდელი მოცემულობით, ამომრჩეველს, სხვა არჩევანი საშუალება არ აქვს.

„რეალურად ასეა. ოპოზიციამ ვერ გამონახა სხვა ლიდერი და იძულებულები არიან ნაწილ-ნაწილ ჩავიდნენ და ეახლონ სააკაშვილს და მისი იდეებით იარსებონ. როდესაც “ქართულმა ოცნებამ” მშვენიერი იდეა შესთავაზა 100 პროპორციული მანდატი და 50 მაჟორიტარული, ისინი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს დაეკითხებიან აზრს და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. გვინდა თუ არა, ეს ასეა. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის კარგი. მიხეილ სააკაშვილი, ჩემი აზრით, ჩარჩა 16 წლის წინანდელ სიტუაციაში. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ არცერთი სოლიდური,  დასავლეთელი ლიდერი მას ბოლო წლის მანძილზე, არ შეხვედრია“ განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  


მსგავსი თემები