,,სამხარაულის დასკვნა არ მჭირდება იმისთვის, რომ „ემპათიის“ დასკვნებში ეჭვი მეპარებოდეს”- შალვა პაპუაშვილი

,,სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ მჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს “ემპათიის” დასკვნებში,” – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას.

პაპუაშვილის თქმით, ყველას ახსოვს, თუ რა სიყალბეს ჰქონდა ადგილი ”ემპათიის” მხრიდან შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე.

„გავიხსენოთ, შაქარაშვილის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე და გავიხსენოთ რას ამბობდა მაშინ „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი – ეს იყო პირდაპირი სიყალბე, რაც მაშინ გვესმოდა ჩვენ ტელევიზიებიდან, ამ ორგანიზაციის მხრიდან. არ მინდა დეტალებში ჩავიდე, მაგრამ ყველას ახსოვს და არქივშიც ინახება თუ რა სიყალბეს ჰქონდა ადგილი. ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა, არამედ, პირდაპირი სიყალბის გავრცელება. ამიტომ ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ, ზოგადად, მას შემდეგ აღარ მქონია, რაც შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე ვისმენდით სიყალბეს. მითუმეტეს, თუ საექსპერტო დონეზე დადასტურებულია, რომ არ არის სანდო მათი დასკვნა, ეს, რა თქმა უნდა, ამყარებს ამ საკითხს, მაგრამ ამ დასკვნის გარეშეც, ჩვენ ხომ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გავიხსენოთ 2020 წელი, ის ორი საქმე, გავიხსენოთ რას საუბრობდა მაშინ “ემპათიის” ხელმძღვანელი და როგორ დადასტურდა, რომ ეს იყო სიცრუის ტირაჟირება, როგორც ექსპერტიზის დასკვნის გრიფის ქვეშ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ,  იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

მსგავსი თემები