„ოპოზიცია ბოიკოტს არა თბილისის მთავრობას, არამედ თბილისელებსა და მათ პრობლემებს უცხადებს“ – ლევან ჟორჟოლიანი

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გამოთქმულ შენიშვნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიცია სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება, თუმცა ამ ფორმით ბოიკოტს არა თბილისის მთავრობას, არამედ თბილისელებს და მათ პრობლემებს უცხადებს.

„დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან სხდომას. მათ  ბოიკოტი გამოუცხადეს პროცესს და მინდა გითხრათ, რომ ბოიკოტს თქვენ არა პერსონალიებს, არამედ თბილისელებს და მათ პრობლემებს უცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა 2020 წლისა და 2021 წლის არჩევნებზე ასევე ბოიკოტს გამოგიცხადებთ. ჩვენს ოპონენტებს მუნიციპალიტეტის მუშაობასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მემკვიდრეობით ძალიან ბევრი პრობლემა გვერგო, რომელთა მოგვარებასაც ეტაპობრივად ვცდილობთ. ჩემი აზრით,  პერსონალიებზე ნაკლები ყურადღება უნდა გავამახვილოთ და ვიფიქროთ იმ შედეგებზე, რომელსაც 4 წლის თავზე მივაღწევთ. მჯერა, რომ ეს შედეგები იქნება პოზიტიური“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღესვე, ლევან ჟორჟოლიანი ბიუჯეტის საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ. ერთის მხრივ მოითხოვენ საჯარო მოხელეებისთვის  ხელფასების გაზრდას. გაზრდის შემთხვევაში კი ამასაც აპროტესტებენ.

„მინდა გამოვეხმაურო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ბიუჯეტის განხილვის პროცესში, ჩვენი ოპონენტები საკუთარი განცხადებებით ყველაზე დიდ დარტყმას საჯარო მოხელეებს აყენებენ. საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდაზე ოპონენტები გვაკრიტიკებენ. მგონია, რომ  საქმე ორმაგ სტანდარტთან გვაქვს, რაც მიუღებელია.  მაგალითად, თუ ვინმეს ხელფასს ვუზრდით გვაკრიტიკებენ, რატომ გავზარდეთ, თუ არ იზრდება მაშინ გაფიცვის მედროშეებად წარმოგვიდგებიან.  ეს ძალიან არასწორი მიდგომაა.  მე პირადად მერიას და ჩვენ თავსაც მოვუწოდებდი, რომ მომავალში კიდევ უფრო დავაფასოთ საჯარო მოხელეები, რომლებიც კონკრეტული შედეგის მისაღწევად დილიდან ღამემდე მუშაობენ“ – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მსგავსი თემები