“აქედან არცერთი ოჯახი არ გავალთ” – ვაშლიჯვარში დევნილები საცხოვრებელს ითხოვენ

გუშინ ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე შენობაში, სადაც 25-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი შეიჭრა, ხმაური იყო. ისინი ხელისუფლებისგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. 

“სად წავიყვანო? მეხალისება აქ რომ მყავს 2 თვის ბავშვი? ჩემს შვილთან ერთად საცხოვრებელი ფართი მომეცით. აქედან არცერთი ოჯახი არ გავალთ, ვიქნებით აქ. დაგვეცემა თავში რამე, თუ რაც იქნება, ყველა ერთად მოვკვდებით,” – აცხადებს შენობაში შეჭრილი ერთ-ერთი დევნილი.

ადგილზე იმყოფებოდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც პოლიცია ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

“იძალადა ჩემზე, გამოიწია საცემრად ამ ხალხის ინტერესებს როცა ვიცავდი. განმარტა მხოლოდ ის, რომ ჰუმანიზმი გამოიჩინა ჩემს მიმართ, ქალი ვიყავი და არ მცემდა,” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ნათელი მომავლის ცენტრის” წარმომადგენელმა, მარიამ მენაბდიშვილმა.

ვაშლიჯვარში მისული იყო ჯანდაცვის სამინიტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მურად აბლოთია. მისი მტკიცებით, დევნილი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია.

მსგავსი თემები