თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის შესწავლის მიზნით, რომლის დროსაც სამშენებლო ობიექტზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილზე მუშაობა დღეს, დილიდან განაახლეს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მათი მხრიდან არ იყო შემოწმებული, თუმცა “მერიის მხრიდან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემოწმებული იყო”, – აცხადებს იგი.
მისივე თქმით, ობიექტის მოკვლევა გუშინვე დაიწყეს, მაგრამ სამაშველო სამუშაოების ხანგრძლივი პროცესის გამო მხოლოდ ტერიტორიის დათვალიერება და მომხდარზე პასუხისმგებელ პირთა გამოკითხვა მოხერხდა.
ბექა ფერაძის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იკვეთება.
აღსანიშნავია, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირis N5-ში, გუშინ, 31 მარტს, სამშენებლო ობიექტზე მიწის მასა ჩამოიშალა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან, რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.