ერთეულები მდიდრდებიან სხვისი ექსპლუატაციისა და სიცოცხლის ხარჯზე – დეპუტატი ჭავჭავაძის გამზირის ტრაგედიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება,რომელიც სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო თუ სხვა რეგულაციების თვალსაზრისით ხორციელდება, მოკლებულია საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების სისტემურ გააზრებას და მხოლოდ ევროკავშირთან გაუაზრებლად აღებული ვალდებულებების ფორმალურ, მექანიკურ შესრულებას ემსახურება.

დეპუტატის მოსაზრებით, განვითარების არსებული გზა იწვევს ერთეულების გამდიდრებას სხვისი ექსპლუატაციის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე. ეს კი საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის გაუცხოვების მთავარი მიზეზია.

ბექა ნაცვლიშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. მისი თქმით, მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა და უსუსურობა საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ.  

მისივე თქმით, მომხდარი არა მხოლოდ, რომელიმე პასუხისმგებელი პირისა თუ უწყების დაუდევრობის შედეგია, არამედ იმ არასწორი პოლიტიკის, რასაც სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უწყვეტად ახორციელებს.

“გაცხადებული სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ფასადს უკან სოციალური წესრიგი დგას, რომელიც ერთის გამარჯვების ხარჯზე, მეორის დამარცხებას გულისხმობს, ხოლო ერთის გამდიდრების ხარჯზე სხვის გაღარიბებას. ამ სოციალური წესრიგის შედეგად მივიღეთ ვითარება, როცა თანადგომაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქცევა სისუსტედ მიიჩნევა, ხოლო კონკურენცია, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი არის წახალისებული”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკა ყველაზე რადიკალური ფორმით ქვეყანამ წლების წინ გამოსცადა, როცა მიზანმიმართულად გაუქმდა ყველა ის მარეგულირებელი ნორმა და ინსტიტუტი, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

დეპუტატის მოსაზრებით, სამწუხაროა ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ცვლილებების მხოლოდ სიმულირება ხდება, რაც ვითარებას ბუნებრივია, ვერ შეცვლის. “მხოლოდ მწუხარების გამოთქმა არ კმარა. სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მთავარი, რისთვისაც ყველამ უნდა იბრძოლოს”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი. 

მსგავსი თემები