„ჩვენი პოზიცია შეშფოთების პოზიციაა, მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს“ – ხავიერ კოლომინა

„ფრენების განახლების შესახებ მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია, რომლებსაც ვკითხულობდით და ვხედავდით, შეშფოთების საგანია ჩვენთვის“ – აცხადებს  საქართველოში სტუმრად მყოფი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

ნატო-ს წარმომადგენლის შეფასებით, რეაქციები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან და მთავრობის წევრისგან რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო მოისმინა. შემაშფოთებელია.

„ერთგული ვართ “ღია კარის” პოლიტიკის და იმ გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ბუქარესტში 2008 წელს მივიღეთ. ამავდროულად, ვამბობდით და მეც ბევრჯერ მითქვამს, რაც ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმე წლის წინ, რომ არის რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს. შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან, და ზოგჯერ, შინაარსთან დაკავშირებით, როგორც ეს “უცხოური აგენტების” კანონი იყო“ – აღნიშნა ნატო-ს წარმომადგენელმა.

მან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თემაზეც ისაუბრა და უარყოფითად შეაფასა.

„ფრენების განახლების შესახებ მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია, რომლებსაც  ვხედავდით, ასევე შეშფოთების საგანია ჩვენთვის. ეს გზავნილი თქვენ ხელისუფლებას გადავეცი, რომ გვესმის, ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გვჯერა, რომ ახლა ყველანი უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს რამდენადაც შეგვიძლია. გვჯერა, რომ ასეთმა რეაქციებმა შესაძლოა ჩრდილი მოფინოს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.

ყველანი უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ და ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან. რეაქციები, რომლებსაც ვკითხულობდით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის და ეს შეშფოთება თქვენ ხელისუფლებას გადავეცით.  მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ. თქვენ ხელისუფლებას ველაპარაკებოდით იმ სამუშაოზე, რომელსაც აკეთებენ სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, როგორც მინიმუმ, ჩრდილს აყენებს იმ პოტენციალს, რომ რუსეთი რაღაც სივრცეს იპოვის აქ, რათა სანქციებს გვერდი აუაროს“ – აღნიშნა კოლომინამ მედიასთან.

 

მსგავსი თემები