,,მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს”- პაპუაშვილი

,,მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ხშირად ისმის პრეტენზიები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების არსებობაზე. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უმჯობესია ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან.

„სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს ხდება გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები და ა.შ., მათ უნდა შეხედონ მარტივ ციფრებს. ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში და ეს მილი გადის უკრაინის გავლით. ვინც გადაანგარიშების მოყვარულია, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს, გადაიანგარიშონ და ნახავენ, რა ციფრებთან გვაქვს საქმე.

მეორე მაგალითი – ჩვენი ექსპორტი, ძირითადად, არის ღვინო, მინერალური წყალი, წყალი და ა.შ. ევროკავშირიდან რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორი არის ლატვია და შარშან, სამ თვეში, აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ლატვიამ რუსეთში შეიტანა იმდენივე ღვინო, რამდენის ექსპორტიც მთლიანი წლის განმავლობაში მოახდინა საქართველომ. ახლა საზოგადოებამ შეადაროს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ლატვია, რომელიც ღვინის წარმოებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, საქართველოს ოდენობის ექსპორტს მხოლოდ სამ თვეში აწარმოებს რუსეთში. ამიტომ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ მორალური პედესტალიდან როდესაც ხდება საქართველოს მიმართ პრეტენზიების წაყენება, ქვეყნის შიგნიდან იქნება ეს თუ ზოგიერთი გარე პოლიტიკოსისგან, თითქოს საქართველო ვაჭრობს, ხელს ითბობს თუ ა.შ., სხვათა შორის, დღეს იყო ბორელის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.

მსგავსი თემები