„ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის“ – მეუფე შიო

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით,  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიოს მუჯირმა იქადაგა, როგორც მეუფემ აღნიშნა, ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის, ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან.

მეუფეს ქადაგებით, ოჯახი მიიჩნევა და იწოდება სიწმინდედ.

„დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ არის ეს ორი ცნება – ოჯახი და სიწმინდე ერთმანეთთან დაკავშირებული. საერთოდ, რა არის სიწმინდე, წმინდა? თქვენ იცით ბიბლიური სწავლებიდან, რომ ეს არის ყოველივე ის, რაც საღვთოა, რაც ღვთისგან მომდინარეობს, რაც საღვთო მადლის განსაკუთრებული შეხებით არის აღბეჭდილი, რაც ღვთისმსახურებისთვის არის განკუთვნილი და შეწირული, რაც გამოყოფილია ყოველივე საეროსგან. და აი, ოჯახიც სწორედ მიიჩნევა და იწოდება სიწმინდედ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ფორმა ყოფიერებისა, რომელიც ადამიანის მიერ კი არ არის მოგონილი, როგორც რომელიმე ინსტიტუცია, არამედ ეს არის პირადად ღვთის მიერ ბოძებული. ამიტომ ოჯახი გახლავთ სიწმინდე“ – იქადაგა მეუფემ.

მისივე თქმით,  ღმერთმა ადამიანი შექმნა, როგორც ოჯახი.

„როგორც ღმერთია ყოვლადწმინდა სამება, სამგვამოვანი და სამი ჰიპოსტასი, ასევე ადამიანიც არის სამი ჰიპოსტასი. ეს არის მამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის ჰიპოსტასი და ბავშვის ჰიპოსტასი. აი, ასე შექმნა ღმერთმა ადამიანი ღვთის ხატად იმისთვის, რომ ადამიანიც ცხოვრობდეს სიყვარულში, როგორც ყოვლადწმინდა სამება სუფევს მარადიულ სიყვარულში და თავად წყაროა სიყვარულისა, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში არის ბევრი სიმწარე, ბევრი მწუხარება და ადამიანი ქრისტესა და ოჯახში პოვებს ბედნიერებას, პოვებს სიყვარულს. როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც თავის სულს დადებს მეგობრისთვის“. და აი, ოჯახში მამაკაცი თავს დებს თავისი ცოლ-შვილისთვის, ცოლი თავს დებს თავისი შვილებისა და ქმრისთვის, შვილები შემდეგ მადლიერების ნიშნად თავს დებენ თავიანთი მშობლებისთვის, არ ტოვებენ მათ სიბერეში, უვლიან და პატრონობენ. და ეს ურთიერთობები, ეს სიყვარული არის ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ამაღლებული რამ ამ სამყაროში“ – აღნიშნა მეუფემ.

მსგავსი თემები