გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსენება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინტენსიურად მუშაობენ, რათა რიკოთის 149-ე კილომეტრზე სპეციალური რეჟიმის გარეშე გადაადგილება მალე აღდგეს.
„მიმდინარეობს კვლევა-ძიების სამუშაოები. რიკოთის 149-ე კილომეტრზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ საბოლოო საინჟინრო მოწყობის სამუშაოები ჩატარდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მალე გვექნება პროექტი და რაც შეიძლება მალე შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის აღდგენას. მანამდე კი, ნებისმიერი ჩაკეტვა-გახსნა ან გადართვა დაფუძნებული იქნება გონივრულ და ექსპერტულ დასკვნებზე. გვაქვს ამოცანა, რომ ზაფხულის სეზონამდე შევძლოთ ყველა იმ სამუშაოს გატარება, რაც საჭირო იქნება გადაადგილების სპეციალური რეჟიმის მოსახსნელად“, – აღნიშნა ქარსელაძემ.