„ეს არის ხელისუფლების ხელში. იმათაც უნდა გაიგონ, რომ ქვეყნის რეპუტაცია, ყველა ჩვენგანის დასაცავია“ – პრეზიდენტი სააკაშვილზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას ქვეყნის რეპუტაციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

„ყველა მხრიდან, რაც შემიძლია კონტაქტში ვიყო, ვარ და ამაში ძალიან ჩართული ვარ. ახლა პირებს არ დავასახელებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაცია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არის ორი საკითხი, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. ერთი არის სამართლიანობის განცდა,  რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და რომელსაც ვერცერთი პრეზიდენტი ვერ გადააბიჯებს და მეორე არის ადამიანურობის საკითხი და ყოფილი პრეზიდენტის პატივისცემა. მე არ ვეთანხმები არანაირ დამამცირებელ მოქმედებას მის მიმართ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი არსებობს, რომელიც შეიძლება მოიძებნოს“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით,  მას არავინ არაფერს კითხავს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„არსებობს კომისია, რომელიც არის იუსტიციის ხელში, რომელსაც ჯანმრთელობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. არსებობს რამდენიმე ქვეყნის მზადყოფნა, არამხოლოდ პოლონეთის, რომ აქ გამოგზავნონ ექიმები. მე ასევე უცხოეთში ვთქვი ის, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ძალიან გამიჭირდება, თუმცა შეიძლება მე არავინ მკითხოს, ვთქვა, რომ უცხოეთში აუცილებელია მისი გაყვანა, იმიტომ, რომ ამავე დროს ეს ნიშნავს იმას, რომ შენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ამბობ, რომ ამ ქვეყანაში რეალურად სახელმწიფო არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არანაირი სამედიცინო და ჯანმრთელობის დამცავი საშუალებები და ეს ყველაფერი არასანდოა.  მგონია, რომ ადგილზე უნდა იყოს გამოსავალი ნანახი და არსებობს ეს პროცედურები. დეტალებში არ შევალ. ეს არის ხელისუფლების ხელში და მე მგონი, იმათაც უნდა გაიგონ, რომ ქვეყნის რეპუტაცია, ყველა ჩვენგანის დასაცავია. უნდა დავიცვათ და ეს ქვეყანა უნდა გავიყვანოთ იქ, სადაც გასაყვანია“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები