მოსალოდნელია, რომ შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა – ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, განცხადა, რომ 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა გრძელდება 2023 წელსაც (იანვარში  8.4%-იანი ზრდა).

მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ არსებული დადებითი დინამიკა, მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება და შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.

მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა.

„რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და 2023 წლის თებერვლის საერთო ფასების წლიური ზრდა 8.1% იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში მოსალოდნელია ამ ტრენდის შენარჩუნება და სხვა თანაბარ პირობებში, წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან დაახლოება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები