„მზად ვართ, ქარხანა 19,5 მილიონად გამოვისყიდოთ“ – „თბილისი ტრანსფერი“ „საქართველოს ბანკს“ გარიგებას სთავაზობს  

კომპანია  „თბილისი ტრანსფერის“ დამფუძნებელი ირაკლი ჭითანავა „საქართველოს ბანკს“ სთავაზობს, საკუთარი სიტყვები საქმით განამტკიცოს და ელმავალმშენებელი ქარხანა იმ თანხად მიყიდოს, რა თანხაც აუქციონში გადაიხადა.

როგორც ჭითანავა აცხადებს, სწორედ ეს იქნება ერთადერთი დამადასტურებელი იმისა, რომ „საქართველოს ბანკს“ ელმავალმშენებელი ქარხნის ყიდვა არ უნდოდა და ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა.

„სს ელმავალმშენებლის ქონების აუქციონთან დაკავშირებით შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე სს საქართველოს ბანკთან გვაქვს შემდეგი მიმართვა. თქვენი განცხადებიდან ირკვევა, რომ სს ელმავალმშენებლის ქონება შეიძინეთ აუქციონზე რადგან კარგავდით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მზად ვართ გადავიხადოთ თქვენს მიერ აუქციონზე გადახდილი თანხა 19,5 მლნ ლარის ოდენობით და გამოვისყიდოთ ქარხნის ქონება. თქვენი მხრიდან თანხმობა გამორიცხავს სხვა განზრახვებს, უარის თქმის შემთხვევაში გაგვიმყარდება ვარაუდი იმის შესახებ, რომ ქონების ხელში ჩაგდების მიზნით მოხდა აუქციონის დანიშვნა“ – აცხადებს ჭითანავა.

შეგახსენებთ, რომ ელმავალმშენებელი ქარხანა „საქართველოს ბანკმა“ 80%-იანი ფასდაკლებით შეისყიდა.

კომპანია  „თბილის ტრანსფერი“ მზად იყო ქარხნისთვის პროფილი შეენარჩუნებინა, ინვესტიცია ჩაედო და ყველა დავალიანება დაეფარა, ქარხანა თავისი მიწის ფართობებითა და დანადგარებით აუქციონზე გაიტანეს.

ქარხანა, საბოლოოდ 19.5 მილიონ ლარად გაიყიდა, არადა, მისი  ღირებულება 97.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

მსგავსი თემები