„რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება“ – თენგიზ ცერცვაძე

„ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ექიმებსაც მიმართავს.

„რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას.

ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვევაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ პაქსლოვიდის ან რემდესივირის გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები“ – აცხადებს ინფექციონისტი.

მსგავსი თემები