„საქართველოში ყველაზე ხშირია A გრიპი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში რესპირაციული ინფექციების სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და შეესაბამება სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

„რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით და არა COVID-ის გამომწვევი კორონავირუსებით ინფექციები.

კვლავ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) იმართება ძალიან კარგად, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ-ში CDC-ის მონაცემებით ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილობის 17,000 შემთხვევა, მათ შორის 97 ბავშვი“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული ვითარება დამშვიდების შესაძლებლობას არ იძლევა.

„ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება თვითდამშვიდებას მივეცეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე“ – აცხადებს ინფექციონისტი.

 

მსგავსი თემები