,,არ ვიცოდი, გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი თუ ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის”- ანა ბუჩუკური

,,არ ვიცოდი, რომ გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“…ჩამოყალიბდნენ – გიორგი გახარია „კოკაიშნიკია“, ამერიკის აგენტია, რუსეთის აგენტია,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ანა ბუჩუკური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მსგავსი ჩანაწერების მონტაჟი და მანიპულირება ნაცნობი და ახლო ჟანრია, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს. რაც არ უნდა ამონტაჟონ, გაავრცელონ, „ნაც-ქოცურ“ ჭაობში ჩართვას არ ვაპირებთ. გიული ალასანიას ამ ნალაპარაკებზე კომენტარი ცოტა სერიოზული არ მგონია. არ ვიცოდი, რომ გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ გიული ალასანიას იმაში ვეთანხმები, რომ გიორგი გახარია ნამდვილად მომავლის პოლიტიკოსია. ჩამოყალიბდნენ – გიორგი გახარია „კოკაიშნიკია“, ამერიკის აგენტია, რუსეთის აგენტია. რაც უნდათ და რამდენჯერაც უნდათ, გაავრცელონ. სამწუხაროდ, ამ ბინძურ პროპაგანდაში მონაწილეობა მიიღო „რუსთავი 2“-მა, რომელიც, სამწუხაროდ, იყო ის მედიასაშუალება, რომელმაც პირველმა გაავრცელა უდიდესი ტყუილი, თითქოს გახარია სააკაშვილს ამერიკაში შეხვდა. ვნახეთ, რომ ტყუილი იყო, თუმცა ეს ტყუილი ამ ტელევიზიამ დაიწყო და „იმედმა“ განავრცო. ეს მათი ტრაგედიაა. რაც უნდათ, ის უქნიათ, რაც უნდათ, ის გაარცელონ. ჩვენი პარტია „ნაც-ქოცურ“ ჭაობში ჩართვას არ აპირებს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის,  „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე.  „ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.

აუდიოჩანაწერის  ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მსგავსი თემები