,,სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, შედარებისთვის, თუ წინა მთავრობის დროს, ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ ათასობით განაცხადს, 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ სულ რაღაც 138 საჩივარი.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლიდან რადიკალური ცვლილება განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში არაერთი მინისტრის მმართველობის დროს და მოქმედ მინისტრს, რატი ბრეგაძესაც აქვს ძალიან ბევრი ინიციატივა, რომელიც პატიმრების ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში, თუ როგორ არაადამიანურად, სადისტურად ექცეოდნენ ჩვენს პატიმრებს, მიმდინარეობდა წამება, მკვლელობა, ტანჯვა ჩვენი მოქალაქეების, რაც, რა თქმა უნდა, იყო სისტემური დანაშაული და ამ ყველაფერზე ქართველმა ხალხმა თქვა უარი. ამის შემდეგ, 2012 წლიდან რადიკალური ცვლილება განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში არაერთი მინისტრის მმართველობის დროს. რატისაც აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივა, პატიმრების ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება ხდება, გაუმჯობესების მიმართულებით იქნება ასევე ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კურსების შეთავაზება, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვა. ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები