“იუსტიციის მინისტრის განცხადება არის არაჰუმანური – მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებებს.
გოცირიძის განცხადებით, არსებობს მოვლენების ისეთი განვითარების რისკი, რომელიც ქვეყანას შეარყევს.
“კვლავ გრძელდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. [იუსტიციის მინისტრი] განცხადება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, რადგან ვერავითარი მინისტრი ვერ მართავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ითვალისწინებს იმ რისკებს რაც შეიძლება დადგეს. შესაძლებელია ისეთი მოვლენა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას შეარყევს და 30 წლის შინ მიყენებული იარების, რაც დღემდე შეხორცებული არ არის და თავს გვახსენებს, ამ შეცდომების გამეორების პირობებს ქმნის. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მოიქცნენ ადამიანურად. მიბაძონ სხვა ქვეყნებს. პარლამენტში ახსენეს იულია ტიმოშენკო, რომელიც ასევე იქნა სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანილი, დააყენონ პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და არა ბიძინა ივანიშვილის მიზნები, ცეცხლს ეთამაშებიან!” – აღნიშნა გოცირიძემ.