,,საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება”- კახა კალაძე

თბილისის მერი  საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა მივიდეს. კალაძის თქმით, საკრებულოში მაშინ მივა და გასცემს ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება.

„კახა კალაძეს არასდროს არ დაუხევია უკან ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე, არასდროს. აი, თუნდაც ახალი არჩეული იყო საკრებულო, როდესაც ვიყავი მისული, მაშინვე დავაფიქსირე ჩემი მზაობა თანამშრომლობასთან, მაგრამ თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, განცხადებები, შეურაცხყოფები, ცილისწამება. თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერს კადრულობენ. საკრებულოში მისვლას რაც შეეხება, ამას გადავწყვეტ მე. მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება.

რაც შეეხება გამოძიებას, მიმდინარეობს. თუ კი რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას, მერწმუნეთ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში, ეს ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და გავიგოთ, რეალურად რა მოხდა, რა პრობლემა იყო.

მე არ მინდა უბრალოდ, გამომივიდეს არასწორად, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და ჩემი რაიმე განცხადებებით ხელი შევუშალო გამოძიებას“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები