ირანის პრეზიდენტმა ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ წამყვანმა პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად თავსაბურავი არ გაიკეთა

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა ტელეკომპანია „სიენენის“ წამყვანთან, ქრისტიან ამანპურთან დაგეგმილი ინტერვიუზე უარი იმის გამო თქვა, რომ წამყვანი პრეზიდენტის მოთხოვნას თავსაბურავის გაკეთების შესახებ არ დაეთანხმა.

ქრისტიან ამანპურს, ინტერვიუ ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა ჩაეწერა და ირანის პრეზიდენტთან საუბარს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აპირებდა. ინტერვიუმდე 40 წუთით ადრე, ირანის პრეზიდენტის თანაშემწმემ წამყვანს შესთავაზა, რომ თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურმა უარი განაცხადა.

ქრისტიან ამანპური ირანის დედაქალაქში, თეირანში გაიზარდა. წამყვანის თქმით, ის ყოველთვის იკეთებს თავსაბურავს, როცა ირანში მუშაობს, რადგან სხვა შემთხვევაში ირანში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება შეუძლებელია. ირანის ფარგლებს გარეთ კი, სადაც ეს მოთხოვნა არ არსებობს, თავშალის გაკეთებას არ აპირებს.

„აქ, ნიუ იორკში ან ირანის ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ადგილას, ირანის არც ერთ პრეზიდენტს და 1995 წლის შემდეგ ყველა მათგანთან მქონია ინტერვიუ, არასდროს უთხოვია, რომ თავსაბურავი გამეკეთებინა. ძალიან ზრდილობიანად ვთქვი უარი თავსაბურავის გაკეთებაზე ჩემი, „სიენენის“ და ყველა ქალი ჟურნალისტის სახელით, იმიტომ რომ ეს არ არის მოთხოვნა“, – აღნიშნა ამანპურმა.

ამანპურის თქმით, ირანის პრეზიდენტის თანაშემწმემ მას მკაფიოდ უთხრა, რომ ირანის პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ ამერიკულ მიწაზე ისე ვერ ჩაივლიდა, თუ წამყვანს თავსაბურავი არ ექნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, რასაც შეტაკებებიც მოჰყვა, არიან დაღუპულებიც.

მსგავსი თემები