საქართველოში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია” პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას ითხოვს როგორც ლევან სილაგავამ „მედიაცენტრი მთავარში” განაცხადა, წინა წელს 10-მდე მცირე და საშუალო ზომის წისქვილ-კომბინატი უკვე დაიხურა.
“ჩვენი მოთხოვნაა პრემიერთან და ეკონომიკური გუნდის პირველ პირებთან შეხვედრა, ანუ ეკონომიკის მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ამ ერთობლივ ფორმატში. პრობლემა, რომელიც ჯერ ისევ დღის წესრიგში დგას, სულ უფრო ღრმავდება და დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, რომ ფაქტობრივად უკვე დიდი წისქვილები იწყებენ გაჩერებას, რაც შესაბამისად არის ძალიან დიდი პრობლემა. წინა წელს გაჩერდა დაახლოებით 10-მდე წისქვილ-კომბინატი, წელს უკვე ეს ტენდენცია გადავიდა დიდ წისქვილკომბინატებზე, წინა წელს ეს იყო საშუალო და მცირე კომბინატები და შესაბამისად, ეს ძალიან სერიოზულად დაეტყობა ბაზარს“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.
მისივე თქმით, პრობლემა შექმნა მცურავმა ბაჟმა, რომელიც რუსეთმა დააწესა.
„მსოფლიოს პირველმა ექსპორტიორმა რუსეთმა შემოიღო მცურავი ბაჟი. ამ ბაჟის დაწესების შედეგად მოხდა ის, რომ ძველად არსებული საიმპორტო გადასახადი, რომელიც 0 – ის ტოლი იყო ხორბალზეც და ფქვილზეც, შეიცვალა. 1 ტონა ხორბლის შემოტანაზე ფასი 98 დოლარია, ეს მაშინ, როდესაც ფქვილზე ფასი იგივე ანუ 0 ლარი დარჩა. ამ დისბალანსმა გამოიწვია, რომ ზაფხულიდან საქართველოში დაიძრა ფქვილის აგრესიული იმპორტი და თუ ჩვეულ პერიოდში, როდესაც ნულოვანი გადასახადი იყო ორივე პროდუქციაზე ფქვილზეც და ხორბალზეც, ბალანსი იყო, შემდეგი რომ 1000 ტონა ფქვილი და 60 000 ტონა ხორბალი შემოდიოდა თვეში, დღეს ბალანსი მკვეთრად შეცვლილია და მივედით იქამდე, რომ დეკემბრის თვეში უკვე შემოვიდა 7 000 ტონამდე ფქვილი და 6 000 ტონამდე ხორბალი, რამაც ძალიან სერიოზულად გადაალაგა ბაზარი. მცურავი ბაჟის შედეგად აზრი დაკარგა ხორბლის შემოტანამ საქართველოში და ამან გამოიწვია ის, რომ წისქვილკომბინატებმა დაიწყეს დახურვა, რიგმა წისქვილკომბინატებმა კი თავად დაიწყეს ფქვილის შემოტანა“, – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.
მისივე შეფასებით, გამოსავალი სწორი კონკურენციის პირობების შექმნაა.