,,საქართველოს გვერდით ვდგავართ მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით”- ნედ პრაისი

,,საქართველოს გვერდით ვდგავართ, ქართული დემოკრატიის მშენებლობის მცდელობების გვერდით მრავალი წელია, მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან,”- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნედ პრაისმა ქართველი მოსამართლის (ლაშა ჩხიკვაძის) განცხადების გარშემო არსებულ კითხვებსა და მის შესაძლო დასანქცირების შესახებაც ისაუბრა.

„არ ვარ ამ კონკრეტულ საკითხში გარკვეული, მაგრამ თუ რაიმე სპეციფიკური წინადადება გვექნება, ვიტყვით. უფრო ფართოდ რომ ვისაუბრო, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს გვერდით ვდგავართ, ქართული დემოკრატიის მშენებლობის მცდელობების გვერდით მრავალი წელია, მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. დემოკრატიის მშენებლობა დაუსრულებელია და ეს სიმართლეა, ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც. მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, შეგვეტანა ჩვენი წვლილი, რათა დავხმარებოდით დემოკრატიული ინსტიტუტების და იმ ინსტიტუტების მშენებლობაში, გაძლიერებაში, რომლებიც იცავენ კანონის უზენაესობას სხვა ძირითად პრინციპებთან ერთად.

წლების განმავლობაში გამოვყავით თითქმის ექვსი მილიარდი დოლარი დახმარების სახით საქართველოსთვის, მათ შორის უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ გვყავს ათასობით ადამიანი, რომლებიც კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ. ვეხმარებოდით ეკონომიკურ ზრდაში, კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, დემოკრატიულ მართვაში და სხვა ინიციატივებში”,- განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები