ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნ.კ.-ს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად ა.ჭ.-ს 17 წლით, ხოლო გ.კ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ განიზრახეს ნ.კ.-ს მოკვლა, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და იქირავეს ავტომობილი.

2021 წლის 15 სექტემბერს, მსჯავრდებულები ვ.ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პირად საქმეზე მისულ ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნ.კ.-ს. სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. და გ.კ., ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.ჭ. და გ.კ. 2021 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ“ – აცხადებენ პროკურატურაში.

აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით, ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მოკლულის ოჯახი დამკვეთების გამოვლენას ითხოვს.

მსგავსი თემები