“არ იქნება არანაირი რევიზია 2008 წლის ბუქრესტის სამიტის გადაწყვეტილებისა”, -დავით ზალკალიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოს და გადაწყვეტილებები ქვეყანასთან მიმათებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს ჩართულობის გარეშე.

„ჩვენი ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმათებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს გარეშე. მე დამიდასტურეს სატელეფონო საუბრების დროს, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ისე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იქნება დადასტურებული დღევანელ შეხვედრაზე ელჩებთან. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, მათგან , უშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინო, თუ რაზე იყო საუბარი ნატო-რუსეთის კომისიის სხდომაზე , თუმცა ის შინაარსი საუბრებისა, რომელიც მე მქონდა ნატო-ს მაღალჩინოსნებთან მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა, რომ არ იქნება არანაირი რევიზია 2008 წლის ბუქრესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საუბარი საერთოდ არ შეიძლება იყოს გავლენის სფეროებზე და რომ ნატოს გაფართოების საკითხი არის უშუალოდ იმ ქვეყნის საქმე, ვისაც სურს ნატოში გაწევრიანება და ნატოს გადასაწყვეტი„-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც ცნობილია, 2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს  ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან.  ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

მსგავსი თემები