რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა არ არსებობს – გუგული მაღრაძე

  •  

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვს არ იწვევს და არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა არსებობს.

როგორც გუგული მაღრაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​რიგგარეშე არჩევნებს თავისი წინაპირობა აქვს (წინარევოლუციური კრიზისი და ა.შ), ასეთი წინაპირობა კი საქართველოში დღეს არ არის.

​”არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს, არჩევნები ჩატარდა მშვიდად და გამჭვირვალედ, ყველას ჰქონდა აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, რაც უმთავრესია არჩევნებში. გარკვეული ექსცესები ყოველთვის ხდება, ადამიანები ვართ, ვიღაც თავის ემოციას ვერ მოთოკავს, თუმცა სისტემური ტიპის დარღვევები არ ყოფილა. ქვეყანაში, 6 წელია, სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იყო და ასეც უნდა გაგრძელდეს, მოსახლეობის დამოკიდებულებაც ასეთი იყო. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნდათ სტაბილურობა, ცვლილებები ევოლუციური და არა რევოლუციური. სწორედ ასეთი ტიპის ცვლილებების რეგულირებას ახორციელებს პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც დღეს არის ხელისუფლების სათავეში”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტს, გუგული მაღრაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა კარგად იციან მათი პარტიის შესაძლებლობები, რომ მათ საქართველოს მოსახლეობაში არ აქვთ დიდი მხარდაჭერას, ამიტომ, ისინი მძაფრ და ორგანიზებულ გამოსვლებს ვერ დაიწყებენ.

გუგული მაღრაძის აზრით, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ლიდერები  გაემიჯნებიან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას, რომელიც მოსახლეობას საერთო სახალხო  დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

“ამ არჩევნებში ყველაზე უფრო ის მაკვირვებს და მაღელვებს  40%- ი “ნაციონალური მოძრაობისთვის” ძალიან ბევრია და კიდევ კარგი, რომ არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობაში გაიღვიძა ემოციურმა მეხსიერებამ და მათ გაახსენდათ ყველაფერი ის, რაც შეიძლება მოჰყვეს მათ დაბრუნებას. დადგა ხალხი ფეხზე და მისცეს ხმა იმას, ვინც საჭიროა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის”, – მიაჩნია გუგული მაღრაძეს.

მსგავსი თემები