მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ე.წ ძველი გვარდია მზად არის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლოს. რაჭა-ლეჩხუმში ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი, მსახიობი და პარტია “ქართული ოცნების” წევრი გია ჯაფარიძე იქნება.
როგორც თავად გია ჯაფარიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ბევრი სიკეთე გაკეთდა ქვეყანაში, მაგრამ ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს, რაც ცუდი პიარის ბრალია. მათ შორის, მიმდინარეობს საჩხერე-ონის გზის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შოვი-უწერას გზას, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახი კალაძის დახმარებით ონის გაზიფიცირება განხორციელდა. გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს რეგიონში 5 საავადმყოფოს გაუქმება იგეგმებოდა, რომლებიც შენარჩუნდა.
“ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ საკუთარი სურვილით მივედით. პირადად მე, ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილის პატივისცემით მივედი ამ პარტიაში. არც ერთ პარტიასთან მანამდე ურთიერთობა არც მქონია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ პარლამენტში ყოფნისას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” მოიგო ძალიან დიდი გამარჯვებით. საკონსტიტუციო უმრავლესობა ყავს პარლამენტში და ეტყობა იფიქრეს, რომ ამასაც მოიგებდნენ ადვილად, მაგრამ არ არის ბატონებო ეს ამბავი ასე”, – აცხადებს გია ჯაფარიძე.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან არჩევნების საკითხებში, დღეს ჩრდილში აღმოჩნდნენ.
“ეს ადამიანები 2012 წლის არჩევნების გმირები არიან. “ძველი გვარდია” დღეს არსად ჩანს. არადა, საქმეს უნდა აკეთებდნენ. ხალხი, რომელსაც 3 არჩევნები აქვს მოგებული, მისი მიტოვება უგულებელყოფა არ შეიძლება”, – აცხადებს გია ჯაფარიძე.
მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთელი კამპანია მიმდინარეობს, მას კი თითქოს გამომსარჩლებელიც არავინ ჰყავს.
“ამ კაცმა განაპირობა უზარმაზარი ურჩხულის დამარცხება. იმას შუძლია გაგვიძვრეს და ისევ დაგვგესლოს. ჯერ თავიდან თქვა, – არ გინდათ ჩემი ქება-დიდებაო. დღეს კი მას “ნაციონალური მოძრაობა” აგინებს და “ქართული ოცნება” პასუხს არ აძლევს. ძალიან გული მტკივა. როგორც შეიძლება, კაცი, რომელმაც ამდენი გააკეთა ერისთვის, ქვეყნისთვის, ასე ილანძღებოდეს და პასუხს არავინ აძლევდეს. მე მესმის ბიძინა ივანიშვილის გულისტკივილი და მეც გული მტკივა”, – აცხადებს გია ჯაფარიძე.