ციხეებში შესვლა გართულდა, გხდიან ყველაფერს თითქმის გაშიშვლებენ – ადვოკატები

ადვოკატები N8 -ე პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით გამკაცრებულ ზომებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სტუმრების ჩხრეკა არაცივილურად, ადამიანის უფლებების დარღვევით მიმდინარეობს, კერძოდ, ერთ ოთახში ახდევინებენ ქალებისა და კაცებს. მოსაცდელში დგება რიგები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ და ზაზა ჯუსტიშვილმა განაცხადეს, N 8 პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლაზე კონტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ციხიდან, ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერები გამოიტანეს.

“სუბელიანის ფარული ჩანაწერების გამოტანის შემდგომ, ციხეში გამკაცრდა კონტროლი. ნებისმიერი სტუმრის სტატუსის მქონე პირს არაცივილური მეთოდებით ამოწმებენ. ირღვევა ადამიანის უფლებები. ქალებსა და კაცებს ფაქტობრივად ერთად ჩხრეკენ, გხდიან ყველაფერს. რაც N 8 პენიტენციალურ დაწესებულებაში ხდება, არ არის დემოკრატიული მოქმედებები, ამით  ირღვევა ადვოკატის უფლებები. მანამდე მხოლოდ ქამარს თუ გვახსნევინებდნენ და ფეხსაცმელს გახდევინებდნენ, ახლა პიჯაკის გახდასაც ითხოვენ და ფაქტობრივად გაშიშვლებენსკანერით აქამდე ერთხელ თუ გვამოწმებდნენ, ახლა 2-3-ჯერ გავდივართ ამ პროცედურას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პროკურორები, გამომძიებლები და ადვოკატები, ყველა აღშფოთებულია”, – აცხადებს ადვოკატი ალექსადრე კობაიძე.

მისივე თქმით, პენიტენციალური სისტემის რომელიმე თანამშრომელმა კანონი თუ დაარღვია, ამის გამო სხვა ადამიანებისთვის არ უნდა იქმნებოდეს არაკომფორტული გარემო.

​”ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წევრი” ადვოკატი ზაზა ჯუსტიშვილი სხვა ციხეებში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სხვაგან კიდევ უფრო მწვავე პრობლემებია. კერძოდ, N 5, N6 დაწესებულებებში მოქმედებს ცენზურა ციხეში სხვადასხვა დოკუმენტების შეტანაზე.

“დოკუმენტაციის შეტანაზე, N 5, N6 დაწესებულებებში არის ცენზურა. ოფიცერს, რომელიც არ არის კომპეტენტური ჩემს საქმიანობაში, არ აქვს უფლება აფათუროს ხელები ჩემს დოკუმენტებში, წაიკითხოს და მიკონტროლოს  რა დოკუმენტაცია შემაქვს კლიენტთან შეხვედრაზე. ჩემი პირადი ჩანიშვნებისა და ჩანაწერების შეტანასთან დაკავშირებით მე პრობლემა არ უნდა მექმნებოდეს.

​ადვოკატებს დრო ძალიან შეზღუდული გვაქვს. სტუმრების შესამოწმებელი რიგების გამო საათობით გვიწევ ლოდინი მოსაცდელში. როცა წინასწარი დაკავების იზოლატორში მივდივარ კლიენტთან, მე სტუმრის გამო დროს არ უნდა ვკარგავდე მოსაცდელში”, – აცხადებს ადვოკატი ზაზა ჯუსტიშვილი.

​ადვოკატები მოუწოდებენ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით და დროულად დაარეგულიროს იგი, წინააღმდეგ შემთხვევაშ მოითხოვენ N8 დაწესებულების დირექტორმა თანამდებობა დატოვოს.

მსგავსი თემები