„მთავარმა ექიმმა რომ დაინახა ვკვდები, გამოიძახა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ის დღეს გაიხსენა, როცა მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა და კვდებოდა. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, ბედმა გაუღიმა, რომ ეს ყველაფერი ადვოკატების თანდასწრებით მოხდა და ის მარტო არ იყო.

„ბედმა გამიღიმა, რომ ადვოკატების თანდასწრებით დავკარგე გონება და ბედმა გამიღიმა, რომ იმ დილას, როდესაც შემომხედა იქაური კონცლაგერის მთავარმა ექიმმა, ჩათვალა, რომ უკვე ვკვდები, ეს იყო გამიზნული მოსაკლავი აქტი. ჩემი ყველა მონაცემი – კალიუმის, ნატრიუმის იყო სასიცოცხლო ნიშნულზე ქვემოთ. ფეხები მქონდა დასიებული და პრაქტიკულად ვერ დავდიოდი, ვეღარც ვაზროვნებდი.

მთავარმა ექიმმა რომ დაინახა ვკვდები, გამოიძახა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი და გულიკო ქილიფთარი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. გულიკო ქილიფთარმა გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე“ – განაცხადა სააკაშვილმა და მას მადლობა გადაუხადა გადარჩენისთვის.  

მისი თქმით, არსებობდა რისკი, რომ მას დამართნოდა ინსულტი, ტვინის სიკვდილი, გულის გაჩერება და ყველაფერი.

„დიდი მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს. სიტყვა „არ მოკვდე“ კარგად მახსოვს და ეს მაინცდამაინც კარგად გასახსენებელი არ არის. ამის მერე, იმის მაგივრად, რომ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია შეესრულებინათ, გამოაცხადა იუსტიციის სამინისტრომ, რომ მე ნორმალური მდგომარეობა მაქვს, ამიტომ მათი სპეციალისტები მოვლენ, აიღებენ ანალიზებს და გადაწყვეტენ გადასაყვანი ვარ თუ არა. დროის გაყვანა უნდოდათ, რომ მოვკვდე. ამის შემდეგ მოდის ჩემთან ამ დაწესებულების ერთ-ერთი ექიმი, წესიერი ადამიანი და მეუბნება, თუ გინდა გადარჩე, ანალიზების აღებას რომ შემოგთავაზებენ, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე. ეს არის ნაღდი სიკვდილი. მთავარმა ექიმმა რომ შემომთავაზა ანალიზების აღება, უარი ვუთხარი არავის მივიკარებ-თქო და მომეჩვენა, რომ კმაყოფილი გაბრუნდა ამ პასუხით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მსგავსი თემები