ცესკოს განცხადებით, 121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს მასშტაბით 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადათვალა. შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, 121 საარჩევნო უბანზე კი მონაცემები მცირედით შეიცვალა.

„გადათვლის ცენტრებში უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. კრწანისის გარდა, გადათვლა ყველა საარჩევნო ოლქში განხორციელდა. ხელახალი დათვლის პროცესს ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ უფლებამოსილი პირები.  რაც შეეხება სტატისტიკას, გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში“ – განაცხადეს ცესკოში.

მათივე ინფორმაციით,  ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

მსგავსი თემები