ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონო დაფინანსებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიკოლა სარკოზის უფლება ეძლევა, სასჯელი შინაპატიმრობაში, ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ მოიხადოს.

თავად სარკოზი განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა და მის უფლებებს სასამართლოზე ადვოკატი ტიერი ჰერცოგი წარმოადგენდა. ადვოკატის თქმით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებაში ედებოდა ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის 22.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით, დაშვებულს ორჯერ აღემატება.

პროკურორების თქმით, დანაშაულის დამალვის მიზნით, პარტიამ დაიქირავა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯი „პარტიული საქმიანობისთვის დახარჯულ“ თანხად შენიღბა.

თავად ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში იგი არ მონაწილეობდა არც მისი კამპანიის ლოჯისტიკაში და არც ფულის ხარჯვაში, თუმცა სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაფინანსების გადაჭარბების შესახებ ინფორმირებული იყო.

გარდა ნიკოლა სარკოზისა, პარიზის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი საქმეში მონაწილე 13 პირსაც გამოუტანა, რომელთა შორის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებიც არიან.

მსგავსი თემები