მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა რომლითაც საქართველოში ბრუნდება

  •  

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ ის საქართველოში ბრუნდება. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ის ჩამოფრინდება კიევი-თბილისის რეისით, რომელიც 2 ოქტომბერს შესრულდება.

„რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიული რეფერენდუმის თარიღისგან. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუშვა გამონაკლისი და დააკვირდება ფორმალურად ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამით მათ თქვეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ევროკავშირის ხელმძღვანელი შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ მიღწეული ხელშეკრულების შესრულების პროცესი. ესე იგი, ივანიშვილის მიერ საქართველოს შემდგომი მართვის თაობაზე რეფერენდუმი, უფრო სწორად, მისი მართვისგან ჩამოშორების თაობაზე. ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე“ – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.  

მისივე თქმით, საქართველოში გამოსამგზავრებელი ბილეთი იმიტომ აიღო, რომ 2 ოქტომბერს საქართველოს ბედი წყდება.

„გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას არც ჩემთვის ვაკეთებ და მე არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს და არანაირი თანამდებობის სურვილი იმიტომ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი” – აცხადებს სააკაშვილი მიმართვაში.  

მსგავსი თემები