კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 8 ობიექტი დახურეს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 72 საათის განმავლობაში, 23 ობიექტი დაჯარიმდა, 8 კი დაილუქა.

„შრომის ინსპექციის მიერ, სხვადასხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად, შემოწმებულია რამდენიმე ასეული ობიექტი, რომელთაგან დაჯარიმდა 23 ობიექტი, მათ შორის 11 არის იურიდიული და 12 ფიზიკური პირი. განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის ისევე, როგორც კრიტიკული შეუსაბამობის დადგენისთვის, დაილუქა 8 ობიექტი“ – განუცხადა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მონიტორინგი მკაცრდება და ვინც არსებულ რეგულაციებს დაარღვევს, მკაცრად გაკონტროლდება.  

„პრევენციულად შევხვდით სხვადასხვა ღამის კლუბებს. გვქონდა აქტიური კომუნიკაცია, მოწოდება, გაფრთხილება, რის შემდგომაც, ბევრმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ის მასობრივი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილი იყო და საფრთხეს უქმნიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მსგავსი თემები