„თამაში საერთაშორისო პარტნიორების დასანახად“ – ზურაბ ჯაფარიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა მმართველი გუნდის თამაშია და ეს მას  საერთაშორისო პარტნიორების თვლის ასახვევად სჭირდება.

„ჩემი აზრით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, „ოცნება“ მუდმივ რეჟიმში ცდილობს ამ შეთანხმების იმდაგვარად გაღუნვას, რომ მას აზრი დაუკარგოს. ამის ნაწილია ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, თითქოს ეს პუნქტი იქ იმისთვის ჩაიდო, რომ 20 ივნისის მოძალადეები არ დასჯილიყვნენ.

ამის ნაწილია ის, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის დაკავშირებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან, ჯერ დაძრულიც არ არის და ჯერ კიდევ არ ვიცით, იქ რა სახის ინტერპრეტაციებს ვნახავთ დოკუმენტით გაწერილი ტექსტის.

ამის ნაწილია ის, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, სადაც „ოცნებამ“ სრულად ფეხებზე დაიკიდა როგორც მიშელის ტექსტი, ისე აშშ-ის საელჩოს მიერ ამ ტექსტის მარკერით გაყვითლება და ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს  სისტემაში კლანის ფესვების გრძელვადიან ჩაბეტონებას.

საბოლოო ჯამში, „ოცნება“ ცდილობს იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან: „მიშელის შეთანხმება ჩაიშალა“. ეს მისცემს „ოცნებას“ შესაძლებლობას, უარი თქვას 43-პროცენტიან დათქმაზე, თავიდან აიცილოს შესაძლო ხელახალი არჩევნები და ხელი „შეთანხმებიდან გასულ“ ოპოზიციას შეაწმინდოს. ერთი შეხედვით, სწორედ ეს არის მათი მიზანი. ამ კონტექსტში ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად – ყველა მნიშვნელოვანი თემის გაჭედვის ფონზე, უმნიშვნელო დათმობა“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დღეს დატოვა. ახალ თავმჯდომარეს კი საქართველოს პარლამენტი ირჩევს.  

მსგავსი თემები