ექვს თვეში საქართველოდან ექსპორტზე 18.5 მილიონი დოლარის მანდარინი გავიდა

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.0 ათასი ტონით (23%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.0 ათასი ტონა), სომხეთსა (8.3 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა).

აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

მსგავსი თემები