ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია 7 ადამიანი

ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია ასობით მოქალაქე, დანგრეულია შენობები. მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაჯენთან ახლოს მიწისქვეშ ათი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სტიქიის შედეგად მაჯენში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 637 კი – დაშავდა. სამი ადამიანი კი, მეზობელ მამუჯუს რაიონში დაიღუპა. მიწისძვრის გამო კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს დანგრეული შენობები და პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა. ერთ-ერთ ვიდეოში მამაკაცი ადამიანებს ნანგრევებში მოყოლილი შვილების გადარჩენაში დახმარებას სთხოვს.

მსგავსი თემები