„ამნისტია მკვდარ მუხლებს ეხება, ეს უფრო მოვალეობის მოხდას ჰგავს“ – გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ამნისტიის  კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს, ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და იმ მუხლებს, რომლებსაც ამნისტია შეეხება „მკვდარი მუხლები“ უწოდა.

„უკანონო თევზჭერა, უკანონო ნადირობა, ფალსიფიკაცია, დეზერტირობა და სხვა, ამნისტიის კანონპროექტი ისეთ მუხლებს ეხება, რომელიც შემთხვევითი ხალხის ჩადენილია. კანონპროექტის 90% „მკვდარ მუხლებს“ ეხება. ეს ნაბიჯი უფრო გადადგმულია მოვალეობის მოსახდელად.  ეს არის დაცინვა და თვალებში ნაცრის შეყრა“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ამნისტიას მაშინ აქვს ფასი და ძალა, როცა ის პატიმართა ნახევარს მაინც ეხება. დღევანდელ რეალობაში კი მხოლოდ 10%-ს ფარავს.  

„ამნისტია ზოგადად იმიტომ შემოიტანეს რომ ძველ პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტი არსებობდა და პარლამენტი ვალდებული იყო ის განეხილათ. ერთადერთი ცოცხალი მუხლი, არის ნარკოტიკების მოხმარების პირველი, მეორე და მესამე ნაწილები. ჩვენი წინადადებაა, ამ მუხლებს სხვა მუხლებიც დაემატოს, საუბარი არა გათავისუფლებაზე, არამედ სასჯელის შემცირებაზე ან განახევრებაზე. დღეს, მასობრივად ციხეში არიან ნარკოტიკებისთვის, ოჯახურ ძალადობისთვის და იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის, პატიმართა 70%-ი სწორედ ამ მუხლებითაა გასამართლებული. თუ ამ მუხლებიდან არავის შეეხო, რა აზრი აქვს ასეთ ამნისტიას“ – განაცხადა უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები