“მადლობა ყველას, ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველი დღიდან ჩაერთო კოვიდინფექციასთან ბრძოლაში” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯადაცვის მინისტრი დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. მინისტრმა სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დავიწყო მადლობით ყველა თქვენგანის მიმართ, რადგან გადაუდებელი სამსახური არის ის სამსახური, რომელიც არამხოლოდ „კოვიდის“ შემთხვევაში, არამედ ყოველთვის პირველ ხაზზე იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და თქვენ ხართ ის უშიშარი გმირები, რომლებიც მთავრობას და მოქალაქეებს დაგვეხმარეთ. მადლობა ყველას, ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველი დღიდან ჩაერთო კოვიდინფექციასთან ბრძოლაში და დაგვეხმარა, განგვეხორციელებინა ეს წარმატებული ღონისძიებები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პერსონალს არაერთი ტრენინგი  და მომზადება აქვს გავლილი.

„ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის ინფიცირებაზე. არ შეიძლება, მე თქვენს გვერდით არ გამოვეხმაურო ამ კომენტარებს და არ აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთაც გაქვთ გავლილი არაერთი ტრენინგი, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობთ თითოეული პროტოკოლის შექმნაში და შემდეგ განხორციელებაში, ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ატარებს ამ ტრეინინგს თქვენთვის და ჩვენთვის და რომელი პროტოკოლებიც ეყრდნობა მსოფლიო პრაქტიკასა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებულ სტანდარტს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელთა დაცულობა მთავრობის ვალდებულებაა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

„ის, რომ თქვენ იყოთ დაცული, რათა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, ეს არის ჩვენი სამინისტროს და მთავრობის ვალდებულება. მე კიდევ ერთხელ მინდა, ავღნიშნო, რომ ჩვენ ისევ და ისევ გავაგრძელებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ბრძოლას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები